მოგესალმებით!
ჩვენ, აბაშის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები: თეონა, ილია, გიორგი, თემური და მარი შევეცდებით ისტორიულ თუ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მონათხრობი, მოსმენილი ამბების გაანალიზებით ჩვენეული ხედვით გაგაცნოთ რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ძირძველი, ულამაზესი სამეგრელოს შემადგენელი, საქართველოს უმთო, უზღვო, თვალწარმტაცი ბარის, ვაკის-უფრო ზუსტად უმშვენიერესი ვაკის ნაწილი, დიდი ისტორიული წარსულისა და შესაშური აწმყოს მქონე აბაშის მუნიციპალიტეტი.
სიტყვა ,,აბაშა“ თურმე არაბულიდან მომდინარეობს. ამ ადგილის ,,აბაშად“ სახელდების მრავალი ვერსიიდან თქვენს ყურადღებას ,,ქართლის ცხოვრებაში“ მოთხრობილს მივაპყრობთ: ანაკოფიასთან ძლეული მურვან -ყრუ დაბანაკებულა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე-დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია-,,წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა“. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 ათასი ქვეითი მურმანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ,,აბაშ“-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 ათასი ცხენი და ამიერითგან სახელი ერქვა მათ მდინარეთა, ერთსა ,,აბაშა“, ერთსა ,,ცხენისწყალი“. ეს ამბები დღევანდელი აბაშის ტერიტორიაზე მომხდარა.
*მოკლე გეოგრაფიული ცნობები
აბაშას ჩრდ.-ით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით-სამტრედიის, სამხრეთით- სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით-სენაკის მუნიციპალიტეტები.
ფართობი-320,8კვ.მ.-ია. ზღვის დონიდან 20-50 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ნიადაგი აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნაყარით, ქვიშებით, ტიხებით). მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.
ჰავა ნოტიო-სუბტროპიკულია. გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები, ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია, ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
დიდ მდინარეებთან: რიონთან, ცხენისწყალთან და აბაშასთან ერთად მცირე მდინარეები:ნოღელა, კოვზა, ზანა მიედინებიან მის გულისპირზედ.
ნიადაგის სახეობებზე მეცნიერულად რომ არ ვისუბროთ, მოკლედ გეტყვით:უმეტესად ნოყიერია; ამიტომაც უწოდებენ, ალბათ რიონგაღმა ,,ანჯელის“ მასივს ,,ბეღელს“. /ეს მასივი ჩვენს სოფელთან ახლოს მდებარეობს/.
მურყანი, ჭალის მუხა, თელა წიფელი, ლემბაშო ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებული ხის ჯიშებია; ფაუნის წარმომადგენთაგან ტურა, მაჩვი, მელა, კვერნაა მომრავლებული. გარეულ ღორს, შველს, ხოხობს რიონისპირას მდებარე კაცობურის ნაკრძალში იცავენ.
,,ჟიროშწანელ ჭყონიშ ჯინს ივშაყარუდით“ (ორასწლოვანი მუხის ძირას ვიკრიბებოდითო),- ხშირად გვესმის სოფლის უხუცესებისაგან. ჩვენც ამ ხის ქვეშ შევიკრიბეთ...მუხა სიძლიერისა და დღეგრძელობის სიმბოლოა. ამიტომაცაა აბაშის გერბზე ჩახატული მუხის ტოტებზე დაკიდებული ოქროს საწმისი... ბარემ ჩვენს დროშაზე და გერზბეც გეტყვით.
კარგი საიტია!
ОтветитьУдалить